შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ ყოველწლიური ბიულეტენი მომზადდა

გეოლოგია

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ბიულეტენი „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ მოამზადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა.

აღნიშნული ბიულეტენი მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული იმ უბნების შესახებ, სადაც დამცავი ღონისძიებების გასატარებლად გაცემულია რეკომენდაციები.

გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, განხორციელებული  გეოლოგიური კვლევების შედეგად,  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 886 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მოამზადეს, შეფასდა 1545 დასახლებული პუნქტი, 3972 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. ასევე, შეფასება განხორციელდა და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა 105 ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონებში წინსწრებით, საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების შეფასება წარმოადგენს წინასწარი გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს.

ბიულეტენს ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზებული რუკები, საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ბიულეტენში ასახული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია განვითარებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების მართვისთვის, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მიერ სწრაფ და კოორდინირებულ მუშაობას, სალიკვიდაციო სამუშაოებში მათ მყისიერ ჩართულობას და მოსახლეობის დროულ ინფორმირებას.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ბიულეტენი ყველა შესაბამის უწყებაშია გაგზავნილი. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის გაცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

გეოლოგიური ბიულეტენი იხილეთ ბმულზე.