გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს. 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
შავი ზღვიდან აღებული სინჯების კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პარამეტრების ანალიზის მეთოდების დანერგვის სამუშაოები.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.