გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ჰიდრომეტეოროლოგია
ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკში, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა მოაწერა.
„მნიშვნელოვანი მემორანდუმი გავაფორმეთ ფინეთის მეტეოროლოგიურ სამსახურთან, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიან სისტემურ თანამშრომლობას ჩვენს სააგენტოსთან. მათი ხელშეწყობით და დახმარებით ჩვენ დავნერგავთ ახალ თანამედროვე სისტემას ამინდის პროგნოზირებისთვის, რაც გაზრდის როგორც შედეგების სიზუსტეს, ასევე, ხელს შეუწყობს ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვასილ გედევანიშვილი ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურ დირექტორ პეტერ ტაალასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შესარბილებლად საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალური დირექტორის, პეტერ ტაალასის განცხადებით, მეტეოროლოგიური საერთაშორისო სისტემების დახვეწა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს; შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამის რეფორმებს ნერგავს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას ქართველი ექსპერტებისთვის“, - აღნიშნა ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურმა დირექტორმა.
აღსანიშნავია რომ, გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს, რომელიც 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას.
ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ შარაშიძე, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ჭითანავა და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა.