გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა შვეიცარიის თოვლისა და ზვავების კვლევითი ინსტიტუტის სასწავლო კურსი გაიარა
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტი აკაკი ხორავა ქალაქ დავოსში, შვეიცარიის თოვლისა და ზვავების კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამართულ საერთაშორისო სასწავლო კურსზე „პრაქტიკა ხვდება მეცნიერებას“ იმყოფებოდა.
აღნიშნული კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და მისი მიზანი იყო თოვლის ზვავების შესახებ მეცნიერებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე ცოდნის გაზიარება.
სპეციალისტებს 15-ზე მეტი ქვეყნიდან საშუალება ჰქონდათ, თოვლის ზვავების მართვის სფეროში შვეიცარიაში არსებულ პრაქტიკას გასცნობოდნენ, რაც მოიცავდა დაკვირვებისა და გაზომვების სტანდარტებს, საფრთხის შეფასებას, პროგნოზირებასა და ადრეულ შეტყობინებას. კურსზე წარმოდგენილი იყო თოვლის ზვავების მოდელირების გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შვეიცარიის თოვლისა და ზვავების კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც აღნიშნულ სფეროში მსოფლიოში მოწინავე ორგანიზაციას წარმოადგენს.