შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა, მოწყვლადი სახეობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, თევზჭერის გავლენის შეფასებაზე იმსჯელა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტმა ქალაქ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (FAO/GFCM) მხარდაჭერით გამართულ მოწყვლადი სახეობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მიზანი ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონში მოწყვლად სახეობებზე, მათ შორის ზღვის ფრინველებზე, კუებზე, ზღვის ძუძუმწოვრებსა და ფირფიტლაყუჩიანებზე (ზვიგენები და სხვა სახეობები) თევზჭერის გავლენის შეფასება და მათი დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება იყო.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესების გზებზე, შემთხვევითი დაჭერის შემცირების ეფექტიან მექანიზმებსა და მართვის თანამედროვე მიდგომებზე.

ღონისძიებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდნენ ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ექსპერტები, რაც უზრუნველყოფდა გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების კომპლექსურ განხილვას.

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოწყვლადი საზღვაო სახეობების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მდგრადი მეთევზეობის განვითარებას.
ცხელი ხაზი: 1501