გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ და ჰიდროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა იოსებ ქინქლაძემ ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებული პროგრამის „მყინვარებიდან ფერმებამდე“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა, მიმდინარე ეტაპების განხილვა, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება იყო.
დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რისკებს. განხილული იყო ასევე მყინვარების დეგრადაციის გავლენა სოფლის მეურნეობაზე, სტიქიური მოვლენების ინტენსივობაზე, წყლის რესურსებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
ამასთან, შეხვედრაზე იმსჯელეს პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებზე, ინვესტიციური პროექტების დაგეგმვის მიდგომებზე და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლიმატთან ადაპტაციის, წყლის რესურსების მართვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე.
